თანამედროვე მეცნიერება მას განიხილავს როგორც ბიოქიმიურ სიგნალს, რომელიც გავლენას ახდენს გენების ექსპრესიაზე, ჰორმონულ ბალანსზე, იმუნურ პასუხსა და მეტაბოლურ პროცესებზე. სწორედ ამიტომ, კვება დღეს არა მხოლოდ ცხოვრების წესის ნაწილი, არამედ ჯანმრთელობის მართვისა და დაავადებების პრევენციის მნიშვნელოვანი თერაპიული ინსტრუმენტია.
ადამიანის ორგანიზმი უნიკალური და კომპლექსური სისტემაა, სადაც ერთი და იგივე საკვებმა შესაძლოა სრულიად განსხვავებული ფიზიოლოგიური რეაქციები გამოიწვიოს. უნივერსალური დიეტური მოდელები ხშირად ვერ აღწევს რეალურ კლინიკურ ეფექტს — იმიტომ, რომ ისინი უგულებელყოფენ მთავარს: ინდივიდს! გენეტიკური არქიტექტურა, საკვებისმიერი აუტანლობა და ალერგია, ინსულინური მგრძნობელობა, მიკრობიომის შემადგენლობა, ჰორმონული ფონი, კვებითი პრეფერენციები, რელიგიური და მსოფლმხედველობრივი შეზღუდვები, ასევე ცხოვრების სტილი ქმნიან უნიკალურ კომბინაციას, რომელიც თითოეულ პაციენტს და მის საჭიროებებს სამედიცინო თვალსაზრისით გამორჩეულს ხდის.
„საკვები არის არა უბრალოდ კალორიები, არამედ ბიოქიმიური დიალოგი ორგანიზმთან.“ ამ დიალოგის ენა კი ყველასთვის ერთნაირი არ არის. სწორედ აქ იბადება პერსონალიზებული ნუტრიციოლოგიის აუცილებლობა, რომელიც ცდილობს ინდივიდუალური ბიოლოგიური თავისებურებების გააზრებას და მათ თერაპიულ ინსტრუმენტად გარდაქმნას, რაც აღარ წარმოადგენს დამატებით უპირატესობას. როდესაც კვებითი რეკომენდაცია ეყრდნობა არა ზოგად წესებს, არამედ კონკრეტული პაციენტის ბიოქიმიურ რეალობას, შედეგი ხდება უფრო მიზანმიმართული, პროგნოზირებადი და ეფექტური. ასეთ შემთხვევაში კვება აღარ არის მხოლოდ პროფილაქტიკა — ის ხდება ორგანიზმის რეგულაციის აქტიური კომპონენტი.
კლინიკური ნუტრიციოლოგიის მიდგომით, საკვები მოქმედებს როგორც ბიოქიმიური მოდულატორი: ის არეგულირებს ენერგეტიკულ მეტაბოლიზმს, გავლენას ახდენს ანთებით პროცესებზე და აძლიერებს ორგანიზმის ადაპტაციურ შესაძლებლობებს. სწორედ ამიტომ, სწორად შერჩეული კვება შეიძლება გახდეს მნიშვნელოვანი ფაქტორი ისეთი მდგომარეობების მართვაში, როგორიცაა მეტაბოლური სინდრომი, საკვებისმიერი ალერგია, ავტოიმუნური დაავადებები, ინსულინრეზისტენტობა, ჭარბი წონა, ქრონიკული ანთებითი პროცესები, ონკოლოგიური დაავადებები, კვებითი აშლილობები და სხვა.
ჯანმრთელობა იწყება იქ, სადაც იწყება გააზრებული არჩევანი, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული იმასთან, თუ რამდენად ვიცნობთ საკუთარ ორგანიზმს. სწორედ ამ ცოდნის პრაქტიკულ გამოხატულებაა პერსონალიზებული მენიუ - არა უნივერსალური დიეტის ასლი, არამედ ცოცხალი და ადაპტური სისტემა, რომელიც ადამიანის ფიზიოლოგიას ერგება. თანამედროვე კლინიკური ნუტრიციოლოგიის ახალ პარადიგმით - ჯანმრთელობა იწყება მაშინ, როდესაც კვება ხდება ინდივიდზე მორგებული ბიოლოგიური ინსტრუმენტი. ამ მომენტიდან ის აღარ არის მხოლოდ ცხოვრების სტილის ნაწილი, არამედ ხდება მედიცინის განუყოფელი კომპონენტი, მეცნიერულად მართული ინსტრუმენტი ჯანმრთელობის ოპტიმიზაციისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის.