ფიზიოთერაპია ეს არის კლინიკური მედიცინის მიმართულება, რომელიც შეისწავლის ბუნებრივად და ხელოვნურად შექმნილი ფაქტორების სამკურნალო ზემოქმედებას.
ფიზიოთერაპია წარმოადგენს ერთ-ერთ უძველეს სამკურნალო და პროფილაქტიკურ მიმართულებას მედიცინაში, რომელიც მრავალ ასპექტს მოიცავს. ორგანიზმზე ფიზიოთერაპიის აქტიური ზემოქმედების წყალობით შესაძლებელია მედიკამენტების მიღების შემცირება და რიგ შემთხვევებში – საერთოდ ამოღება.
ფიზიოთერაპია აღვიძებს ორგანიზმის შინაგან რეზერვებს, აჩქარებს რეგენერაციულ მექანიზმებს და კუპირებას უკეთებს ანთებით პროცესებს. ამიტომ ფიზიოთერაპია წარმოადგენს მკურნალობის, რეაბილიტაციის და პროფილაქტიკის ყველაზე უსაფრთხო და ფართოდ გავრცელებულ მიმართულებას, რომელიც მკურნალობის მრავალწლიან გამოცდილებას ითვლის. კლინიკა „ჰარმონიას“ გააჩნია თანამედროვე აპარატურა, რომელიც იძლევა აუცილებელი და ყველაზე მოთხოვნადი ფიზიოთერაპიული პროცედურების ჩატარების საშუალებას, რომელთა შორისაა:
მიოსტიმულაცია – კუნთებზე სუსტი იმპულსური დენით ზემოქმედება, რაც იწვევს მათ შეკუმშვას. მიიღწევა კუნთების გამაგრება აქტიური ფიზიკური დატვირთვის გარეშე, ხდება ქსოვილების ტონუსის აღდგენა, ნივთიერებათა ცვლის გაუმჯობესება, ჭარბი კუნთოვანი დაძაბულობის მოხსნა.
TENS-თერაპია – ტრანსკუტანური(კანის გავლით) ელექტრონეიროსტიმულაცია გამოიყენება დაზიანებული ნერვული ბოჭკოების გამტარიანობის აღსადგენად, კუნთების შეკუმშვისუნარიანობის აღსადგენად, ნევროლოგიური ან პოსტ-ტრავმული ტკივილის აღმოსაფხვრელად.
მაგნიტოთერაპია – ეფუძნება მაგნიტური ველის მოქმედებას ქსოვილებზე. ასტიმულირებს ქსოვილების სისხლის მიმოქცევას, ხელს უწობს შეშუპების, ანთების, ტკივილის შეგრძნების შემცირებას. გამოიყენება ტრავმებისშემდგომი რეაბილიტაციის დროს, ასევე ნევროლოგიური და კარდიოლოგიური დაავადებების დროს.
იმპულსური მოკლეტალღური თერაპია – სასარგებლოა პოსტ-ტრავმული მდგომარეობის პერიოდში (დაჭიმულობის, ამოვარდნილობის, დაშავების, მოტეხილობის, ჰემატომის, ჩალურჯების და ა.შ. დროს), ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას, ხშირად გამოიყენება ყბებზე და კიდურებზე ოპერაციების შემდეგ და ზოგიერთი ტიპის ანთებისას. აღნიშნული თერაპია ასევე ნაჩვენებია პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევის მქონე პაციენტებისთვის.
СМТ-თერაპია (ამპლიპულსთერაპია) – ელექტროთერაპიის ნაირსახეობა, რომლის დროსაც ორგანზმზე ზემოქმედება ხორციელდება ცვლადი საშუალოსიხშირის დენის ამპლიტუდური პულსაციის საშუალებით. აუმჯობესებს ლიმფისა და სისხლის მიმოქცევას. დაზიანებულ არეში ხელს უწობს ტკივილის შეგრძნების შემცირებას.
ულტრაბგერითი თერაპია ფონოფორეზი – ულტრაბგერული ზემოქმედების შეთავსება მედიკამენტებთან ან კოსმეტიკურ საშუალებებთან. ულტრაბგერა ამაღლებს სამკურნალო საშუალებების ადგილობრივ ეფექტურობას.
მრავალი ფიზიოთერაპიული პროცედურის ეფექტი ნარჩუნდება ნახევარ წლამდე. ქრონიკული დაავადებების რემისიის პერიოდი ხანგრძლივდება. სხვადასხვა ფიზიოთერაპიული მეთოდები შესაძლებელია შეთავსდეს როგორც ერთმანეთთან, ასევე თერაპიის სხვა სახეობებთან (მედიკამენტოზურ მკურნალობასთან, სამკურნალო მასაჟსა და ფიზკულტურასთან და ა.შ.).